უბედური შემთხვევა

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბში, აფეთქების შედეგად სამი მუშა დაშავდა

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შედეგად, სამი მუშა დაშავდა.

"ადგილობრივი დასაქმებულის ცნობით: გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება, როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ", - აღნიშნულია პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის facebook გვერდზე ასევე წერენ, რომ გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება, დაშავებულები კი არიან 61, 58 და 45 წლის მამაკაცები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. უწყება ადასტურებს, რომ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აშენებს.

კომენტარები