გაერო

ჰეილი: აშშ-ის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა სახელებს ჩავინიშნავ

NDTV

აშშ-ის განცხადებით ის მათ სახელებს ჩაინიშნავს, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას აკრიტიკებს, მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ განცხადება გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გააკეთა. მან წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპმა მას სთხოვა მოხსენება იმის თაობაზე, თუ ვინ მისცემს ხმას აშშ-ის საწინააღმდეგოდ ხუთშაბათის სხდომაზე.

რეზოლუცია უშუალოდ აშშ-ს არ ახსენებს, თუმცა აღნიშნულია, რომ იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მსგავს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. ნიკი ჰეილიმ რეზოლუციას შეურაცხყოფა უწოდა რომელსაც აშშ არ დაივიწყებს.

გაეროს გენერალური ასამბლეა, რომელსაც 193 წევრი ჰყავს და სადაც არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იშვიათ საგანგებო შეხვედრას ხვალ არაბული და მუსლიმური ქვეყნების მოთხოვნით გამართავს, რომლებმაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს.

ნიკი ჰეილიმ გაფრთხილება საკუთარ Twitter-ზეც გამოაქვეყნა:

"გაეროში ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით მეტის კეთებას და მეტის გაცემას. როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამერიკელი ხალხის ნებით, იმის თაობაზე, თუ სად უნდა განვათავსოთ ჩვენი საელჩო, ჩვენ არ მოველით რომ ისინი, ვისაც ჩვენ ვეხმარებოდით მიზანში ამოგვიღებენ. ხუთშაბათს იქნება ხმის მიცემა ჩვენი გადაწყვეტილების გასაკრიტიკებლად. აშშ ჩაინიშნავს სახელებს."

კომენტარები