მიხეილ სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე თავის ადვოკატებს აცილება მისცა

bloomberg.com

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას  უცხადებს. მან სანდრო გირგვლიანის საქმეზე საკუთარ ადვოკატებს აცილება მისცა. სააკაშვილის ადვოკატებმა კიევიდან მიღებული წერილი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ წაიკითხეს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უკრაინაში განვითარებული მოვლენები პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები, მის დევნას ერთობლივი სცენარით ახდენენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სამართლებრივ დავას ქართულ სასამართლოებში აზრი არ აქვს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა. ენმ-ის ერთერთი წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს პროცესები არის ივანიშვილის "პირადი ანგარიშსწორება" სააკაშვილის მიმართ.

“ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებას”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, "2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“.

კომენტარები