ვანო მერაბიშვილის საქმე

ბოკერია: იმედი მაქვს, ხელისუფლება იანუკოვიჩის გზას არ გაიმეორებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის სახელის შენარჩუნებისთვის მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს. ბოკერის თქმით, საქართველოს ისტორიაში პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო სისტემის "სამარცხვინო ფურცელი" უნდა დაიხუროს.

"ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში უნდა დაიხუროს. ეს არ გახლავთ რომელიმე კონკრეტული პირის ინტერესი, ეს არ გახლავთ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესი, ეს არის ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული განვითარების საკითხი, ეს არის ქვეყნის იმიჯის საკითხი, ეს შედის ყველა ჩვენგანის ინტერსეში, მეტიც ეს შედის ხელისუფლების ინტერესშიც. დღეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს აქვს ხელში ძალაუფლება, რომ დაასრულოს ეს სამარცხვინო ფურცელი. 

ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდა იანუკოვიჩის ხელისუფლებას, მეც არ ვაკეთებ ზედმეტ პარალელს, ცხადია მათ არ ადარებთ, სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს იმაზე ჰქონდა თუ არა აქ ხელისუფლებას პოლიტიკური მოტივაცია, ანუ სხვა ამოცანები, არა ის რომ ფორმალურად გაცხადებული ჰქონდათ რომ დანაშაულს იძიებდნენ, არამედ სხვა პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდათ. ეს დადგინდა ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეებზეც. იდენტურია ეს საქმე. ამიტომაც მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ის ხელისუფლება, რომლის მიმართაც მე ვარ უაღრესად კრიტიკულად განწყობილი იანუკოვიჩის გზას არ გაიმეორებს", - ამბობს ბოკერია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკვშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან. 

სტრასბურგი მიუთითებს, რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

რამდენიმე თვეში, 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. 28 ნოემბერს სწორედ აპელაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდება.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები