სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ვახტანგ გომელაური მზად არის, ნდობის ჯგუფის ფარგლებში კითხვებს პასუხი გასცეს

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანახმაა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს. ამის შესახებ ნდობის ჯგუფის წევრებმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვეს. თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ გომელაურის პარლამენტში მისვლის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება. 

"მინდა დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას პარლამენტის წინაშე, ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს და პირველადი ინფორმაცია გააცნოს ჩატარებული სპეცოპერაციის და ამ მოვლენის შესახებ. რაც შეეხება თარიღს, როდის და რა ფორმით მოხდება ეს, მოგვიანებით შეგატყობინებთ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექნება დადასტურებული ინფორმაცია". 

სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაურის და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში მოსვლა ევროპულმა საქართველომ მოითხოვა. 

"როგორც ჩანს, სუს-ის ხელმძღვანელი არის თანახმა, კითხვებს ნდობის ჯგუფის ფარგლებში გასცეს პასუხი. დაზუსტდება თარიღი, ამ შეკითხვებზე, როგორ აღმოჩნდნენ შენობაში საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადმოკვეთეს საზღვარი, როგორ მოხდა იარაღის ამ ოდენობით კონცენტრაცია თბილისის ცენტრში, როგორ განხორციელდა სპეცოპერაცია და რა ვითარება არის დღეს გამოძიების თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხები უნდა ყოფილიყო საჯარო", - თქვა ირაკლი აბესაძემ. 

კომენტარები