კატალონია

საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას

საქართველოს მთავრობა

პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის განცხადებების შემდეგ, კატალონიის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას საქართველოს მთავრობაც გმობს.

"საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად. საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით.

საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს ესპანეთის სამეფოსთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორთან, მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთკავშირებზეა დაფუძნებული", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

რამდენიმე კვირის წინ კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. 

რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო

27 ოქტომბერს კატალონიის რეგიონალურმა პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარი დაუჭირა

იმავე დღეს, ესპანეთის სენატმა რეგიონს ავტონომიის სტატუსი შეუჩერა.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კი კატალონიის ავტონომიის მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვა. რახოიმ ეს გადაწყვეტილება სენატის მიერ კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერების შემდგომ მიიღო. 

"ამ ნაბიჯით კატალონიაში სტაბილურობა აღდგება",- განაცხადა რახოიმ.

კომენტარები