კატალონია

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

EPA

გუშინ ბარსელონას ქუჩებში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით 350,000-მდე ადამიანი გამოვიდა. მათ სეპარატისტი ლიდერების დაკავება გააპროტესტეს. მოგვიანებით კი პოლიციის შენობასთან 10,000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა პოლიციას ბოთლები, ქვები და სხვა ნივთები ესროლეს.

პოლიციის სათაო ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის ორგანიზატორი კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფი "რესპუბლიკის დაცვის კომიტეტი" (CDR) იყო, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების რადიკალურ გზებს, მათ შორის სარკინიგზო ხაზების გადაჭრას და პარლამენტში შეჭრას ემხრობა.

კატალონიის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ კატალონიის 9 სეპარატის ლიდერი ამბოხებაში ცნო დამნაშავედ.

13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კატალონიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ორიოლ ჟუნკერასს. ის ამბოხებისაკენ მოწოდების გარდა თანხების გაფლანგვაშიც ცნეს დამნაშავედ.

12 წელი მიესაჯათ ამავე დანაშაულებისათვის კატალონიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ რაულ რომევას, ყოფილ შრომის მინისტრ დოლორს ბასსას და რეგიონული მთავრობის სპიკერ ჟორდი ტურულს.

კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, კარმე ფორკადელს 11.5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ყოფილ შინაგან საქმეთა და ტერიტორიულ მინისტრებს 10.5 წელი.

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები განაჩენის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ.

მათ მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციის გამართვისაკენ მოუწოდეს, თუმცა პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჯამში, პროტესტის დაწყებიდან 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 367 მოქალაქე და 289 პოლიციელი.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ გამოსცა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი, რომელიც ევროპის მასშტაბით ამოქმედდება.

პუჩდემონი 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.

პუჩდემონი 25 მარტს გერმანიის ჩრდილოეთით დააკავეს, როდესაც ბელგიაში ფინეთიდან ბრუნდებოდა.

მის დასაკავებლად გაცემული ორდერი გასული წლის დეკემბერში გაუქმდა, მას შემდეგ, რაც გერმანიის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პუჩდემონს ესპანეთს მხოლოდ საჯარო თანხების არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებით გასასამართლებლად გადასცემდა, თუმცა არა ამბოხების ბრალდებით გასამართლებისათვის.

ესპანეთის სასამართლომ შემოთავაზებაზე უარი თქვა და პუჩდემონის დაკავების ორდერი გააუქმა. შედეგად ის ბელგიაში დაბრუნდა. ახალი ორდერი, რომელიც ამბოხებისაკენ მოწოდებისა და საჯარო თანხების გაფლანგვის გამოა გაცემული ბელგიაში ახალი ლეგალური პროცესის დაწყებას გამოიწვევს.

გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ თქვა, რომ ორ წელიწადში დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

კატალონიის პარლამენტში გამოსვლისას მან თქვა, რომ მიმდინარე არეულობის უკან რადიკალები დგანან და მათ აქციების შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

კომენტარები