კატალონია

კატალონიაში რეგიონული პარლამენტის არჩევნები ჩატარდა

კატალონიაში რეგიონული პარლამენტის არჩევნები ჩატარდა. დათვლილია ხმების 99%. შედეგების მიხედვით, უმრავლესობას კვლავ სეპარატისტული პარტიები მოიპოვებენ.

რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა, ჯამში, ხმების 50.9% მიიღეს. პარტია კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელებმა (ERC) პარლამენტში 33 ადგილი მოიპოვეს. მოსალოდნელია, რომ რეგიონის მთავრობის ახალი პრეზიდენტი სწორედ მათი ერთ-ერთი ლიდერი, პერე არაგონესი გახდება. ის კატალონიის ვიცეპრეზიდენტი და 2020 წლის 28 სექტემბრიდან რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. 32 ადგილი ექნება კიდევ ერთ დამოუკიდებლობის მომხრე პარტიას ერთად კატალონიისთვის (Junts), რომელიც 2020 წელს კატალონიის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა ჩამოაყალიბა. პუჩდემონმა 2017 წელს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც ოფიციალურმა მადრიდმა არაკონსტიტუციურად ცნო, შემდეგ კი რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის გამო მას დაკავება ემუქრება და ქვეყანაში ვერ ბრუნდება. კიდევ ერთმა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ, სახალხო ერთობის კანდიდატურამ (CPU) 9 ადგილი მოიპოვა.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არაგონესმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ სურს, ევროპას მესიჯი გაუგზავნოს:

"შედეგები ნათელია. ჩვენ, დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებს, უმრავლესობა გვაქვს, ხმების 50%-ზე მეტის აღება შევძელით. კატალონიელი ხალხის სურვილი ნათელია, დროა, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ თვითგამორკვევის რეფერენდუმის ჩატარებაზე. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა". - თქვა მან.

პარლამენტში 33 ადგილი მოიპოვა ესპანეთთან ერთიანობის მომხრე კატალონიის სოციალისტურმა პარტიამაც. მათ წინა არჩევნებთან შედარებით 16 ადგილით მეტის მოპოვება შეძლეს.

კატალონიის პარლამენტში პირველად შევიდა ერთიანობის მომხრე ულტრამემარჯვენე პარტია ხმაც (Vox). მათ პარლამენტში 11 წარმომადგენელი ეყოლებათ.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 53%-მა მიიღო. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 79% იყო.

კომენტარები