ზიმბაბვე

ზიმბაბვეს 93 წლის დიქტატორი, რობერტ მუგაბე WHO-ს კეთილი ნების ელჩი გახდა

რობერტ მუგაბე პიჯაკში, რომელიც მისი ფოტოებითაა გაფორმებული
AP

ზიმბაბვეს 93 წლის დიქტატორი რობერტ მუგაბე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კეთილი ნების ელჩად დაასახელა. 

WHO-ს ხელმძღვანელმა ზიმბაბვე "უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის" დანერგვისთვის შეაქო და განაცხადა, რომ მუგაბეს ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებისთვის კარგი მაგალითის მიცემა შეუძლია. 

მუგაბესთვის კეთილი ნების ელჩის სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება "გულის დაავადებათა საერთაშორისო ორგანიზაცია", "ბრიტანეთის სიმსივნის ასოციაცია", "თამბაქოს წინააღმდეგ გლობალური ალიანსი" და სხვა ორგანიზაციები.

მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1987 წლიდანაა, იქამდე 7 წლის მანძილზე პრემიერის თანამდებობა ეკავა.

მუგაბეს დიქტატურას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევები, კორუფცია და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი უკავშირდება, რამაც ზიმბაბვეს განვითარება ათობით წლით შეაფერხა.

ქვეყანაში 2008 წელს ფულის განუსაზღვრელი მოცულობით ბეჭდვამ დამანგრეველი ინფლაცია გამოიწვია, მისი მაჩვენებელი 79,600,000,000%-ს აჭარბდებდა, რასაც 2009 წელს ეროვნული ვალუტის "ზიმბაბვეური დოლარის" გაუქმება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.

გასული 7 წლის მანძილზე ქვეყანაში ოფიციალური ვალუტა არ არსებობდა, ფულის მოვალეობას კი ერთდროულად აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი, იაპონური იენი და სხვა ვალუტები ასრულებდნენ. 

2016 წლის ბოლოს ქვეყანაში ახალი ვალუტა გამოვიდა, თუმცა სინამდვილეში ის ნამდვილი ვალუტა არაა, რადგანაც არაკონვერტირებადია, შესაბამისად, მისი გამოყენება საერთაშორისო სავალუტო ოპერაციებში შეუძლებელია.

მუგაბემ ინტერვიუში მისი 51 წლის მეუღლე გრეისი შეაქო და თქვა, რომ მას ლიდერისთვის საჭირო მრავალი ღირსება აქვს. ანალიტიკოსთა შეფასებით, მუგაბე თავის მემკვიდრედ სწორედ გრეის მუგაბეს ამზადებს.

მუგაბე და მისი მეუღლე გრეისი
ფოტო: AP

კომენტარები