ინფლაცია

სექტემბერში ქვეყანაში ფასები 6.2%-ით გაიზარდა

ტაბულა

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იფნლაციამ 6.2% შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. 

ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე 4%-იან ინფლაციას მერვე თვეა აღემატება. საქსტატის მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი იყო ფასების ზრდა ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, სადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 14.7%-ს შეადგენს, ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა ფასები და სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე.

ინფლაცია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 6,5 პროცენტით, რაც 1,96 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5,9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,0 პროცენტი).

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,7 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,0 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,4 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,6 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,1 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,7 პროცენტით, რაც 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (19,8 პროცენტი), ასევე ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,3 პროცენტი). 

კანონის მიხედვით, ქვეყანაში ინფლაციის (ფასების სტაბილურობის) კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება. სებ-ი ამ მოვალეობას რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით, ანუ მის მიერ კომერციულ ბანკებზე მისაწოდებელი ლარის რესურსის საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით აკონტროლებს. თუ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეზე მაღალია სებ-ი ამ დროს რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, სამიზნეზე დაბალი ინფლაციის შემთხვევაში კი განაკვეთს ამცირებს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები რეალურ ბაზარზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 4-6 კვარტლის პერიოდში ახდენს გავლენას.

ეროვნულმა ბანკმა 26 ივლისს რეფინანსირების განაკვეთის 7%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის მონეტარული პოლიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მაღალი ალბათობით რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 6%-მდე შემცირდება.

კომენტარები