ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების რეიტინგი

Thomas Peter / Reuters

2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 4.9% შეადგინა, რაც მთავრობის მიერ განზაზღვრულ სამიზნე ზრდასთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია. სექტორების მიხედვით ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი სამშენებლო ბიზნესში აღინიშნება. სოფლის მეურნეობის სეტქორში კი რეცესიაა.

ეკონომიკის სექტორები ზრდის ტემპისა და მოცულობის მიხედვით, 2017 წლის მეორე კვარტალში:

  • მშენებლობა - ზრდის ტემპი 16.4%
  • სასტუმროები და რესტორნები - 12.9%
  • შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის - 9.6%
  • სამთომომპოვებელი მრეწველობა - 7.4%
  • ოპერაციები უძრავი ქონებით - 7.2%
  • ტრანსპორტი - 7%
  • საფინანსო საქმიანობა - 6.4%
  • კავშირგაბმულობა - 4.8%
  • ვაჭრობა - 3.7%
  • რენტა - 3.6%
  • კომუნალური მომსახურების გაწევა - 2%
  • განათლება - 1.3%
  • ჯანდაცვა - 1.2%
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 1%
  • ენერგეტიკა - მინუს 0.9%
  • სოფლის მეურნეობა - მინუს 2.4%

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში შემცირებაა. წლის პირველ კვარტალში სექტორის ბრუნვა 635 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლები იყო, მეორე კვარტალში კი სექტორის მოცულობამ 776 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.4%-ით ნაკლებია. 

ამავდროულად, წლის პირველ ნახევარში მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობაში მხოლოდ $3.7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.4%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სოფლის მეურნეობა ინვესტორთათვის მიმზიდველი დარგი არაა. მიწების მორატორიუმის გამო კი სოფლის მეურნეობა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის პრაქტიკულად დაიხურება. 

2016 წელს სოფლის მეურნეობაში $9.9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ს შეადგენდა.

გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0% იყო, ეს კი ნიშნავს, რომ დარგი უძრაობის მდგომარეობაშია. შედარებისთვის, მშენებლობაში ზრდა 8.1%, საფინანსო საქმიანობაში 9.1%, ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კი ზრდა 9.9% იყო.

დაბალი ზრდის მიუხედავად, მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, გასული სამი წლის მანძილზე სექტორის განვითარებისთვის დახარჯულმა თანხამ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი შეადგინა. 

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი, 85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ურბანიზაციის ზრდა და დიდი მეურნეობების შექმნაა მნიშვნელოვანი. ამავდროულად, დარგის მნიშვნელოვან გამოვწვეას წარმოადგენს ინოვაციების არარსებობა.

კომენტარები