დევიდ ლინჩი

ნოემბერში საქართველოში დევიდ ლინჩი ჩამოვა

flickr.com

ნოემბერში საქართველოში ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ჩამოვა. ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ქვეყანაში "დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის" დაფუძნების საკითხზე გამართავს შეხვედრებს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს გიგა აგლაძესთან გამართა შეხვედრა. შეხვედრა 18-21 ნოემბრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზებას ეხებოდა. 

ლინჩის ვიზიტის ფარგლები ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, დევიდ ლინჩის ფონდის მიერ გაჟღერებული ყველა ინიციატივა თანხვედრაშია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან. აღნიშნული მოიცავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, რომ ქვეყანა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდეს, მით უფრო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებაში, როგორც არის კინემატოგრაფია. საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებებისმასპინძლობა საქართველოს კულტურული და ეკონომიკური განვითარების ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 

გიგა აგლაძის განცხადებით უკვე გადაწყვეტილია, რომ დევიდ ლინჩი ნოემბერში გვესტუმრება და ფართო აუდიტორიასთან გამართავს შეხვედრებს, გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.

"ის პროექტები, რისი გაკეთებაც იგეგმება ქვეყნისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის არის დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის და ა-კლასის კინოფესტივალის დაარსება", - განაცხადა გიგა აგლაძემ.

კომენტარები