ამერიკელი რეჟისორის, მუსიკოსისა და მსახიობის, დევიდ ლინჩის საპატივსაცემოდ მისი შვილები საერთაშორისო ჯგუფურ მედიტაციას სიმბოლურად, 20 იანვარს, მის დაბადების დღეზე გამართავენ.
ცნობისთვის 16 იანვარს 78 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი, მუსიკოსი და მსახიობი, დევიდ ლინჩი გარდაიცვალა - რეჟისორი დღეს, 20 იანვარს 79 წლის გახდებოდა.
"დევიდ ლინჩი, ჩვენთვის საყვარელი მამა იყო სინათლის, შემოქმედებითობის, სიყვარულისა და მშვიდობის გზამკვლევი.
ორშაბათს, 20 იანვარს, რომელიც მისი 79-ე დაბადების დღე შეიძლება ყოფილიყო - ჩვენ გეპატიჟებით ყველას ჯგუფურ მედიტაციაზე.
შევიკრიბოთ ერთად, სად ან როგორც ვიქნებით და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას სიმშვიდითა და სიყვარულის გავრცელებით მსოფლიოს მასშტაბით.
გთხოვთ, გამოიყენეთ ეს მედიტაცია დაფიქრებისთვის, სამყაროსთვის პოზიტივის გასაგზავნად.
მადლობა, რომ მისი ცხოვრების ნაწილი ხართ - სიყვარულით ჯენიფერი, ოსტინი, რაილი და ლულა ლინჩი". - წერია განცხადებაში.
დევიდ ლინჩი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ფილმები, როგორიცაა ლურჯი ხავერდი (Blue Velvet), მულჰოლანდ დრაივი (Mulholland Drive), საშლელთავა (Eraserhead), გულით ველურნი (Wild at Heart), ადამიანი-სპილო (The Elephant Man).
ლინჩმა 2024 წელს გაამხილა, რომ მას ემფიზემის დიაგნოზი დაუსვეს. Sight & Sound-ის ჟურნალთან ინტერვიუში ლინჩმა თქვა, რომ კოვიდის შიშისა და ემფიზემის დიაგნოზის გამო ვეღარ ტოვებდა სახლს, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ რეჟისორობას დაუბრუნდებოდა, ეს მხოლოდ დისტანციურად იქნებოდა შესაძლებელი.





