მიანმარი

დესმონდ ტუტუ მიანმარის ლიდერს დუმილისთვის საჯაროდ საყვედურობს

AFP/Soe Than

დესმონდ ტუტუ მიანმარის ლიდერს, ანგ სან სუ კის ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე სიჩუმის გამო საჯაროდ საყვედურობს. სამხრეთ აფრიკელი სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და სულიერი მოძღვარი, რომელიც სუ კის მსგავსად, ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის დარგში, მიანმარის ლიდერისთვის გაგზავნილ საჯარო წერილში ამბობს, რომ სუ კიმ უნდა ისაუბროს იმ აშკარა საშინელებაზე, რომელსაც ზოგი ეთნიკურ წმენდას, ზოგი კი ნელ გენოციდს უწოდებს 

"ჩემი ძვირფასო დაო: თუ ეს სიჩუმე შენი ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკური ფასია, ეს ფასი ნამდვილად ძალიან მაღალია. ქვეყანა, რომელსაც თავის თავში არ აქვს მშვიდობა და ვერ ახერხებს, გააცნობიეროს თავისი ხალხის ღირსება და მნიშვნელობა, არ არის თავისუფალი ქვეყანა. 

მე უკვე მოხუცი ვარ და პენსიაზეც გავედი, მაგრამ ჩემს აღთქმას, არ ვისაუბრო საჯაროდ, ღრმა მწუხარებით ვარღვევ. 

ჩვენ ვართ აშკარა საშინელების მოწმე და ვლოცულობთ თქვენთვის, რომ კვლავ მოიკრიბoთ სიმამაცე და გაბედულება. ვლოცულობთ თქვენთვის, რათა ისაუბროთ სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ხალხის გაერთიანებისთვის. ვლოცულობთ, რათა ჩაერთოთ კონფლიქტის ესკალაციაში და წინ გაუძღვეთ ხალხს სიმართლის გზაზე", - წერს დესმონდ ტუტუ. 

სუ კიმ, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1991 წელს მიიღო, მიანმარში განვითარებულ ძალადობაზე, მრავალი საერთაშორისო მოწოდების შემდეგ, დუმილი 7 სექტემბერს დაარღვია და განაცხადა, რომ მიანმარში როჰენჯა მუსლიმებსა და ბუდისტებს შორის არსებული მრავალწლიანი დაპირისპირების 18 თვეში მოგვარების მოთხოვნა "ცოტათი არაგონივრულია".​

მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განვითარებული ძალადობა 25 აგვისტოს შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონში კრიზისის წარმოშობის მიზეზად მუსლიმი უმცირესობის მხრიდან პოლიციის 30 შენობაზე თავდასხმა გახდა. როჰინჯას ეთნიკურ უმცირესობასა და მიანმარის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 270 ათასზე მეტი ადამიანი მეზობელი ბანგლადეშისათვის ცდილობს თავის შეფარებას. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უკვე დაგმო მათ წინააღმდეგ ძალადობა, ზოგმა კი მიმდინარე მოვლენები გენოციდად შეაფასა.

კომენტარები