ჯეოსელი

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჯეოსელი 30 000-ით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჯეოსელს 30 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რისი მიზეზიც კომპანია "სისტემ ნეტისთვის" ჯეოსელის მიერ საერთაშორისო ზარებზე დაწესებული შეზღუდვა გახდა. კომისიის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჯეოსელი ბაზარზე აღმატებული ძალაუფლების მქონე ოპერატორია მას ბაზრის სხვა კომპანიებთან ურთიერთობისას კანონი უფრო მაღალი დონის მოთხოვნებს უწესებს.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შპს "ჯეოსელი" მობილური საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების პირად და მასზე კომისიის გადაწყვეტილებით, დაკისრებულია სპეციფიკური ვალდებულებები, ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა და ბოლოს, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე კანონის შესაბამისად, დაშვების ვალდებულების ფარგლებში ურთიერთჩართვის მომსახურების შეზღუდვა კომისიის წინასწარ თანხმობას საჭიროებს.

შპს „ჯეოსელმა“ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს „სისტემ ნეტს“ საერთაშორისო ზარის დასრულების ნაწილში მომსახურებაზე დაშვება შეუზღუდა. კომისიამ მიმდინარე წლის მაისის თვეში აღნიშნული დავა განიხილა, შპს „ჯეოსელი“ წერილობით გააფრთხილა და ურთიერთჩართვის მომსახურების დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა. თუმცა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილება არ აღუსრულებია, რის გამოც შპს „სისტემ ნეტმა“ კომისიას საჩივრით შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ხელახლა მიმართა.

ამჯერად, შპს „ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ასევე, შპს „სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა და მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება დაავალა", - წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. 

კომენტარები