ჯეოსელი

ჯეოსელმა ტენდერში მონაწილეობაზე უარი GNCC-ის წერილის მიღების შემდეგ თქვა

ბილაინმა (შპს მობიტელი) სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის პირობები ვერ დააკმაყოფილა, კომპანია ტენდერიდან დისკვალიფიკაციის მიზეზით მოხსნეს. დისკვალიფიკაციის სავარაუდო მიზეზი 3G ქსელის ნაწილში სატენდერო პირობების დაუკმაყოფილებლობაა.

იმის გამო რომ ბილაინი ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც სატენდერო განაცხადი წარადგინა, მის დისკვალიფიკაციას ტენდერის ხელახალი გამოცხადება მოჰყვება.

ჯეოსელმა დღეს გავრცელებული განცხადებით ის მიზეზები ახსნა, თუ რატომ არ მიიღო ტენდერში მონაწილეობა. კომპანიის განცხადებაში განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ ტენდერის გამოცხადების შემდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან (GNCC)  წერილი მიიღო, რომლის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაც შემჭიდროვებულ ვადებში ვერ მოხდებოდა.

"კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში მივიღეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილი. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული წერილიდან:

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის პირობების შესახებ. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ აღნიშნული ტენდერით დადგენილი პირობებით ფიჭური სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისთვის მიწოდების შემთხვევაში, კომისია შეისწავლის კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარი რეგულირების ფარგლებში თქვენზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების, მათ შორის, სატარიფო რეგულირების, დისკრიმინაციის და სუბსიდირების აკრძალვის ვალდებულებების შესაძლო დარღვევის საკითხს, შემდგომი განხილვისა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“

ვინაიდან, დროის სიმცირის გამო (კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა 26 იანვარს, საღამოს, ხოლო სატენდერო წინადედების შეტანის ბოლო ვადა იყო 30 იანვარს, დღის პირველ საათამდე) “ჯეოსელი” სრულყოფილად ვერ მოახერხდებდა კომისიის გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შესაძლო შედეგების განსაზღვრას, კომპანიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, საკითხის დეტალურად გარკვევამდე თავი შეეკავებინა ტენდერში მონაწილეობის მიღებისგან", - წერია ჯეოსელის განცხადებაში.

კომენტარები