საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ 0,00009 გრამ დეზომორფინზე პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ლაშა ბახუტაშვილისთვის 0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №696) და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით",-წერია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზში.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის შეფასებისას მხედველობაში მიიღო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეული საზოგადოებრივი საფრთხეები და დაადგინა, რომ 0,00009 გრამი დეზომორფინი გამოუსადეგარია მოსახმარად.

"ასეთი მცირე ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა ან/და შენახვა არ არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი, რადგან არ შეიცავს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკებს. მეტიც, 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადება, მისი დამამზადებლის მხრიდან წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას. შესაძლოა, ზემოხსენებული ოდენობის დეზომორფინის კვალი ამა თუ იმ საგანზე მიუთითებდეს პირის მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით დამზადების, შეძენის ან შენახვის ფაქტზე, რომელიც გამოსადეგია მოსახმარად. თუმცა, ცალკე აღებული 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენის ან/და შენახვის ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას",-ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

ლაშა ბახუტაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 2013 წელს დააკავეს. ბახუტაშვილს 0,9 მეასიათასედი მილიგრამი ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინი აღმოაჩნდა.

კომენტარები