გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

სუს-ი: აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმმა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ დევნა შეწყვიტა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის წინააღმდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა. სუს-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. მონაწილეებთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება, რაზედაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური.

გამოვიყენებთ ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე" - აცხადებს სუს-ი.

რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯი ოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

10 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წლის 17 მარტს კი, გიგა ოთხოზორიას მკველობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გამოაცხადა ძებნა.

კომენტარები