გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

ევსაქები: ხელისუფლება არაფერს აკეთებს ოთხოზორიას მკვლელის და მისი მფარველების დასასჯელად

"საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად არაფერს აკეთებს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, მისი თანამზრახველების და მფარველების დასასჯელად", - გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წლის თავთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს განცხადებას ავრცელებს.

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ  პასუხისმგებლობა ამ მკვლელობაზე, უშუალოდ მკვლელობაში მონაწილე ინდივიდების გარდა, საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რომლებიც ხელს აფარებენ მკვლელებს და ხელს უშლიან მათ დასჯას.

"2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშვედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობაში და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იგი დღემდე თავისუფალია," - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ამსახველ ვიდეო ჩანაწერზე მკაფიოდ და ცხადად ჩანს მკვლელობაში მონაწილე ყველა მოქმედი პირი, საქართველოს შესაბამის უწყებებს დღემდე არ გამოუვლენიათ და ბრალი არ წარუდგენიათ მკვლელობის ხელშემწყობი პირების მიმართ.

"უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ შეუყვანია ეს პირები ევროპული საქართველოს ინიციატივით 2018 წლის მარტში მიღებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში". ევროპული საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არ მოხვდნენ ახრა ქაჯაია - საგუშაგოს უფროსი ნაბაკევში, დენის მედვედევი - რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი ნაბაკევში, აფხაზეთის ე.წ მებაჟეები: ალხას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი და სერგეი კორტენკო, ასევე დენის შეიკო - რუსული სამხედრო ბაზის უფროსის მოადგილე, რომელმაც ჩაისვა ოთხოზორიას მკვლელი კანჯი ოღლი მანქანაში და გადაიყვანა გალში", - წერია გნაცხადებაში.

ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში გააფართოოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ქვეყნის პარტნიორების დახმარებით მოახდინოს ამ სიაში მყოფი ინდივიდების ჩასმა სხვადასხვა საერთაშორისო სანქციების სიებში.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არის დოკუმენტი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

კომენტარები