ლაშა თორდიაზე თავდასხმა

ფარცხალაძე: შეიძლება, ხელი თავზე გადაისვა, მაგრამ თორდიაზე არავის დაურტყამს

ოთარ ფარცხალაძე
შსს

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმას კიდევ ერთხელ, ტელეკომპანია იმედის ეთერში უარყოფს. ის ამბობს, რომ თორდიასთვის არავის დაურტყამს.

"შეიძლება, ხელი მაღლა აიქნია ან ხელი თავზე გადაისვა, მაგრამ თორდიაზე არავის დაურტყამს. პირველიც თორდიამ მოიქნია ხელი და ბოლოც. მერე შეიძლება, ხელი ვიღაცამ შეუბრუნა - ეგ მე არ მახსოვს. მაგრამ მე რომ არ ვიყავი, ის კარგად მახსოვს", - ამბობს ფარცხალაძე.[სტილი დაცულია]

ფარცხალაძე ასევე უარყოფს თორდიას მონათხრობს, თითქოს მან უთხრა "რა კომპრომატებს აგროვებ ჩემს წინააღმდეგ".

"არაფერი არ მითქვამს თორდიასთვის. თვითონ გამაჩერა და ვცდილობდი გავლას. რაღაც გაუგებარ სიტყვებს იძახდა", - ამბობს ფარცხალაძე.

ასევე, ოთარ ფარცხალაძე უარყოფს აუდიტის სამსახურის დასკვნის შედეგს, რომ თბილისის მერია მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

"ეს არის თორდიას მოგონილი ჭორი, სისულელეები", - აღნიშნავს ფარცხალაძე.

თავად ლაშა თორდია კი ფიქრობს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოთარ ფარცხალაძის კვალის წაშლას ცდილობენ და შეგნებულად არ ასაჯაროებენ ვიდეოებს ახლო ხედით, სადაც მომხდარი ნათლად ჩანს.

ოთარ ფარცხალაძე იმედთან ინტერვიუში ახსენებს 2016 წლის 24 დეკემბრის "პ.ა.მ. კლუბის" ინციდენტსაც, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს. 

"მოქალაქეებს აწიოკებს იარაღით. რატომ არავინ არ ეკითხებით თორდიას, თავს რატომ დაესხა მოქალაქეს, რომელსაც მოკვლას უპირებდა?", - ამბობს ფარცხალაძე.

ვიდეოს ახლა გასაჯაროებას ლაშა თორდია სახელმწიფო სისტემის მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირებს. მისივე თქმით, "არ იყო ეს ჩემი საუკეთესო საქციელი, თუმცა, ამასაც აქვს რაღაც გარემოებები. მე ყველა იმ ადამიანს ბოდიშს ვუხდი, ვინც ამ ფაქტს შეესწრო, თუმცა, ამას რაიმე ტიპის ზიანი არ მოჰყოლია".

კომენტარები