ლაშა თორდიაზე თავდასხმა

NGO-ები: გუშინ ვიდეო, შესაძლოა, 14 მაისის ინციდენტის გადასაფარად გავრცელდა

ლაშა თორდია, ოთარ ფარცხალაძე

არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ისინი ფიქრობენ, რომ 24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა, სადაც, სავარაუდოდ, თორდიას შარშან, 24 დეკემბერს სხვა ინციდენტი შეემთხვა კაფე ბარ "პ.ა.მ კლუბში", თუმცა, ვიდეოს ავთენტურობა შსს-ს ჯერ კიდევ არ დაუდგენია.

"მიგვაჩნია, რომ ვიდეომასალის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას და შესაძლოა, ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს მიზნად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, ეს კი შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. ამასთან გაუგებარია, როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეომასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენს ოთარ ფარცხალაძის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას "შეუფერებელ" ქცევაზე მიუთითებს. აღნიშნული განცხადება აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეომასალის არსებობის შესახებ. ამგვარი განცხადების გავრცელება კი შესაძლოა, ასევე შეფასდეს მთავარი აუდიტორის დაშინებისა და მასზე ზემოქმედების მცდელობად", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები განცხადებაში წერენ, რომ ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა გამოიძიონ.

"ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი არავითარ კავშირში არ არის გავრცელებულ ვიდეო კადრებთან და ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ბოლო პერიოდის მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების პრობლემაზე და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართ.

ამასთანავე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ 24 მაისს გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ინციდენტს უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას ერთნაირად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილი კანონდარღვევისთვის. თუმცა, ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული პირის მაკომპრომეტირებელ იარაღად", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტის ობიექტური და დროული გამოძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. "ასევე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დროული გამოძიება და შესაბამისი კვალიფიკაცია მისცეს 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი და სიდა.

კომენტარები