2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ჯამში სექტორის შემოსავალმა $435 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საზღვარი სულ 1.26 მილიონმა ვიზიტორმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 11.4%-ით მეტია. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+4.2%), სომხეთიდან (+15.3%), თურქეთიდან (-13.7%), რუსეთიდან (+28.2%) და ირანიდან (+236.8%) განხორციელდა.
ამ 1.2 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 514 ათასი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 25.7%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასზე 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის რეგიონში კი 11.6 ათასი საწოლია.
2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.





