განათლების სამინისტრო

ჯეჯელავა: ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ მივაწვდით საია-ს ინფორმაციას

ტაბულა

ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, განათლების სისტემა დაახლოებით 500-მა ადამიანმა დატოვა. მან აღნიშნა, რომ ოპტიმიზაციის პროცესში ყველა ადმინისტრაციული ხარჯი 10%-ით შემცირდა. ჯეჯელავამ ამის შესახებ საია-ს კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

"ყველაფერი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. საია-ს სურვილი, რომ მათ ყველამ მიაწოდოს ინფორმაცია, მხოლოდ მათი სურვილია. ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ და სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში მივაწვდით ინფორმაციას”, - თქვა ჯეჯელავამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს წარადგინა ანგარიში, რომელიც საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას ეხება. ანგარიშის თანახმად, საიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე არ უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ.

საიასთვის 12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯამურად, საბიუჯეტო ხარჯები 55 344 000 ლარით შემცირდა. 

"სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი - შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში. რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვია შტატების შემცირება განხორციელდა ხუთ სამინისტროში, კერძოდ: თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რის საფუძველზეც სულ გათავისუფლდა 2300 საჯარო მოხელე. გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს ჯამურად 5 322 300 ლარი" - ნათქვამია ანგარიშში.

პრემიერმინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივით, საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრები 10%-ით უნდა შემცირებულიყო. 

კომენტარები