პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ფართო დისკუსია იყო. მისივე მტკიცებით, "ამ ცვლილების მთავარი ამოცანაა, არავის არ დავუტოვოთ სპეკულაციის, მანიპულაციის შესაძლებლობა და ხელი არ შევუწყოთ ჰომოფობიური განწყობების ხელოვნურად გაღვივებას იმ ჩანაწერის არარსებობის გამო, რომელიც დღეს არ არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში". კობახიძის თქმით, სწორედ ეს იყო პრემიერის მიზანი, როდესაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაპირდა ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრას.
"ჰყავდა ამ ჩანაწერს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ჩვენი მხრიდან თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება უშუალოდ პრემიერმა გააკეთა. ამას ჰქონდა თავისი სოციალური, პოლიტიკური კონტექსტი. პრობლემა მდგომარეობს რაში - ეს საკითხი ხშირად გამოიყენება მანიპულაციისთვის, სპეკულაციისთვის საზოგადოების მიმართ და იმისთვის, რომ ხელოვნურად გაღვივდეს ჰომოფობიური განწყობები ჩვენს საზოგადოებაში" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი.





