ტერორიზმი

ტრამპი: ჩემი დამოკიდებულება სირიისა და ასადის რეჟიმის მიმართ ძალიან შეიცვალა

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს გაანადგურებენ და დაიცავენ ცივილიზაციას. 

"ჩვენ გავანადგურებთ ISIS-ს და დავიცავთ ცივილიზაციას. ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ აუცილებლად დავიცვათ ცივილიზაცია", - თქვა ტრამპმა.

ტრამპი სირიის ქალაქ იდლიბში ქიმიური თავდასხმის ფაქტსაც შეეხო. მისი თქმით, შეუძლებელია ასეთი საშინელი ქმედებების მოთმენა და მისი დამოკიდებულება ასადისადმი ძალიან შეცვლილია. 

"ეს იყო საშინელი ქიმიური თავდასხმა სირიაში უდანაშაულო ხალხის, მათ შორის ქალების, პატარა ბავშვებისა და უმშვენიერესი ახალშობილების წინააღმდეგ. მათი გარდაცვალება კაცობრიობის გათელვაა. ამ საზარელი ქმედების მოთმენა ასადის რეჟიმის მხრიდან, უბრალოდ შეუძლებელია. ჩემი დამოკიდებულება სირიისა და ასადის რეჟიმის მიმართ ძალიან შეიცვალა", - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აშშ-ისა და იორდანიის ისტორიულ კავშირებზეც ისაუბრა. ტრამპის თქმით იორდანია აშშ-ის ფასეული პარტნიორია.

"აშშ-სა და იორდანიას აერთიანებს ისტორიული კავშირები და ახლო მეგობრობა, რომელიც საუკუნის სამ-მეოთხედზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, შუა აზიამ გამოიარა უამრავი კრიზისი და არეულობა, შესაძლოა არა ისეთი როგორიც დღეს არის. მთელი ამ დროის განმავლობაში, აშშ ხედავდა იორდანიას, როგორც ღირებულ პარტნიორს, ცივილიზაციის მთავარი ღირებულებების დამცველს, სტაბილურობის წყაროსა და იმედს ამ რეგიონში. ჩვენ ამისთვის მადლობას გიხდით. ღრმად მოწადინებული ვარ, განვაგრძოთ ეს მეგობრობა და გავაძლიეროთ აშშ-ის მხარდაჭერა იორდანიისადმი. თქვენ გაქვთ და გექნებათ უდიდესი მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან", - მიმართა ტრამპმა აბდულა მეორეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და იორდანიას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსგავსი პოზიცია აქვთ, თუმცა განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მიგრანტებთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა მიგრანტებს კარი დაუკეტა, იორდანიამ კი სირიიდან მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო.

კომენტარები