სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის მოსამართლეობის 5 კანდიდატი მთავრობას 1 ივლისამდე წარედგინება

Newsweek

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის შესარჩევი ვადის "ორჯერ გადაწევას ადგილი არ ჰქონია". მათივე თქმით, კანდიდატთა საგამოცდო ვადამ მხოლოდ ერთხელ გადაიწია და ეს ცვლილება აისახა მთავრობის დადგენილებაში.

უწყების ინფორმაციით, შერჩეული 5 კანდიდატურა მთავრობას 1 ივლისამდე წარედგინება და შესაბამისი დადგენილება 27 მარტს გამოქვეყნდა.

"ცვლილება ვადაში იმით არის გამოწვეული, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე აირჩევს. შესაბამისად, PACE-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან კანდიდატურები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 31 აგვისტომდე უნდა წარედგინოს. ამდენად, ორჯერ ვადის გადაწევას ადგილი არ ჰქონია. 27 მარტს გამოქვეყნდა დადგენილება, თუ რა ვადაში უნდა წარუდგინოს საკონკურსო კომისიამ საქართველოს მთავრობას ხუთი კანდიდატურა, რომელთაგან მთავრობა შეარჩევს სამს. ყველა სხვა განცხადება ვადის ორჯერ გახანგრძლივების შესახებ მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებისათვის საბუთების წარდგენის ვადამ 14 მარტს გადაიწია მხოლოდ ერთხელ, ერთი თვით, და ნაცვლად 14 მარტისა, განისაზღვრა 14 აპრილით.

"ხოლო მთავრობისათვის კანდიდატურების წარდგენის ვადა, შესაბამისად, ნაცვლად პირველი აპრილისა, პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. სწორედ 14 აპრილიდან პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს საბუთების გადარჩევა და გამოცდების ჩატარებაც", - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი ჩააგდო, საქართველოს ხელისუფლება კონკურსს თავიდან ატარებს და სტრასბურგში ახალი კანდიდატების სიას გაგზავნის.

მოსამართლეობის მსურველთათვის განაცხადების შეტანის ბოლო დღე 14 მარტს უნდა ყოფილიყო, თუმცა, სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ ამ ვადამ ერთი თვით გადაიწია. ტაბულას წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ვადის ცვლილება უკავშირდებოდეს იმას, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილმა. მათ შესაბამისი დოკუმენტაცია სწორედ განაცხადების შეტანის ბოლო დღეს, 14 მარტს წარადგინეს. არის თუ არა ვადის გადაწევის მიზეზი პაპუაშვილისა და ვარძელაშვილის გადაწყვეტილება, უცნობია. იურისტები საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა განაცხადების შეტანის ბოლო ვადის შეცვლა კანდიდატების მცირე რაოდენობას უკავშირდებოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეცვლილი დადგენილება, რომელიც 27 მარტს გამოქვეყნდა, 23 მარტით თარიღდება. ამ დროისთვის კონკურსი უკვე გახანგრძლივებული იყო და განაცხადების მიღება გრძელდებოდა.


ფოტო: საკანონმდებლო მაცნე

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას, ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული), ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, იციან საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპები და საქართველოს კანონმდებლობა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების შესაბამისად, უნდა შედგეს გენდერულად დაბალანსებული 5-კაციანი სია, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება. საქართველოს მთავრობა შეარჩევს სამ კანდიდატს და წარუდგენს ევროსასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ მიმდინარე წლის იანვარში ჩააგდო. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ასე გამოიყურებოდა: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. 

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა.

კომენტარები