საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს

parliament.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებით, გიორგი მარგველაშვილი უპირისპირდება საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ:

1. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა დანიშნა 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს თავიანთი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული. ამით, გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ;

2. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაცხადდა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება;

3. როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე რაციონალური ლოგიკის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბროლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით", - წერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის შეხვედრა გაიმართება. პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან. 

კომენტარები