ზიმბაბვე

ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე 93 წლის გახდა

რობერტ მუგაბე პიჯაკში, რომელიც მისი ფოტოებითაა გაფორმებული
AP

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 93 წლის გახდა. მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1987 წლიდანაა, იქამდე 7 წლის მანძილზე პრემიერის თანამდებობა ეკავა. დაბადების დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში მუგაბემ გლობალურ პოლიტიკაზე ისაუბრა და დონალდ ტრამპის პოლიტიკა შეაქო.

"როდესაც ტრამპი ამერიკულ ნაციონალიზმზე საუბრისას ამბობს "ამერიკა ამერიკელებისთვის", ჩვენ ამაში მას ვეთანხმებით: ჩვენი მხრივ ვამბობთ - "ზიმბაბვე ზიმბაბველებისთვის!" - ამბობს მუგაბე.

სახელმწიფო მაუწყებელთან ინტერვიუში მუგაბე იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების გამო, მის წინააღმდეგ 2003 წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციები შემსუბუქდება. 

"ჩვენ წინაააღმდეგ ახლა მოქმედებენ სანქციები, რომლებიც არა დონალდ ტრამპმა, არამედ ბარაკ ობამამ გაახანგრძლივა", - თქვა მუგაბემ.

მუგაბეს ავტორიტარულ მმართველობას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევები, კორუფცია და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი უკავშირდება, რამაც ზიმბაბვეს განვითარება ათობით წლით შეაფერხა.

ფოტო: EPA

ქვეყანაში 2008 წელს ფულის განუსაზღვრელი მოცულობით ბეჭდვამ დამანგრეველი ინფლაცია გამოიწვია, მისი მაჩვენებელი 79,600,000,000%-ს აჭარბდებდა, რასაც 2009 წელს ეროვნული ვალუტის "ზიმბაბვეური დოლარის" გაუქმება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.

გასული 7 წლის მანძილზე ქვეყანაში ოფიციალური ვალუტა არ არსებობდა, ფულის მოვალეობას კი ერთდროულად აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი, იაპონური იენი და სხვა ვალუტები ასრულებდნენ. 

2016 წლის ბოლოს ქვეყანაში ახალი ვალუტა გამოვიდა, თუმცა სინამდვილეში ის ნამდვილი ვალუტა არაა, რადგანაც არაკონვერტირებადია, შესაბამისად, მისი გამოყენება საერთაშორისო სავალუტო ოპერაციებში შეუძლებელია.

მუგაბემ ინტერვიუში თავისი 51 წლის მეუღლე გრეისი შეაქო და თქვა, რომ მას ლიდერისთვის საჭირო მრავალი ღირსება აქვს. ანალიტიკოსთა შეფასებით, მუგაბე თავის მემკვიდრედ სწორედ გრეის მუგაბეს ამზადებს.

მუგაბე და მისი მეუღლე გრეისი
ფოტო: AP

კომენტარები