ტერორიზმი

ტრამპის მიერ ნახსენები შვედეთში მომხდარი არარსებული ინციდენტი და ბილდტის პასუხი

AP

შაბათს საღამოს, მედიაზე მორიგი თავდასხმისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვედეთში მომხდარ არარსებულ ინციდენტზე ისაუბრა. განცხადებამ ბევრი დააბნია, თუმცა არა შვედები.

"შეხედეთ რა ხდება გერმანიაში, შეხედეთ რა მოხდა გუშინ შვედეთში. შვედეთი, ვინ დაიჯერებდა. შვედეთი. მათ დიდი რაოდენობით მიიღეს. მათ ისეთი პრობლემები აქვთ, როგორიც ვერ წარმოედგინათ", - თქვა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებას Twitter-ზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან რეალურად შვედეთში არანაირი ტერაქტი არ მომხდარა.

განცხადებას შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კარლ ბილდტიც გამოეხმაურა.

"შვედეთი? ტერორისტული აქტი? რა მოწია? კითხვა ბევრია", - წერდა ბილდტი.

შვედეთის საელჩომ აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტს მომხდართან დაკავშირებით განმარტება სთხოვა.

როგორც BBC წერს, შვედეთში ნამდვილად არაფერი მომხდარა და ამის დასადასტურებლად ერთ-ერთი შვედური გამოცემის მიერ 19 თებერვალს მომხდარი ამბების შეჯამება მოჰყავს, სადაც ტერაქტი არ ფიქსირდება.

ზოგის აზრით, ტრამპი შეცდომაში Fox News-ზე გასულმა დოკუმენტურმა ფილმმა შეიყვანა, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად გაიზარდა შვედეთში კრიმინალის სტატისტიკა მიგრანტებისთვის კარის გაღების შემდეგ.

 

კომენტარები