საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: ჩვენი გეგმა შეიძლება არამარტო გადაიხედოს, არამედ გვერდზე გადაიდოს

"ჩვენი გეგმა, რასაკვირველია, შეიძლება არამარტო გადაიხედოს, არამედ შეიძლება გვერდზეც გადაიდოს" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა მისი და სამეურვეო საბჭოს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მაღლაფერიძის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებულ ვითარებას აღარ დაუბრუნდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები მომავალ ხუთშაბათს წარმოადგნენ საკუთარ ხედვას იმის შესახებ, თუ რეიტინგის გარდა, კიდევ რა კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს მაუწყებლის საქმიანობა.

"შეფასებით ნაწილში იყო სრული თანხვედრა და შევთანხმდით. ჩვენი წარდგენილი დოკუმენტი ეფუძნებოდა ხედვას, რომ ტელევიზია, მაუწყებელი უნდა ფასდებოდეს რეიტინგებით, ანუ მყურებლების რაოდენობით. ასე უნდა იზომებოდეს მედიის მუშაობა - ჩვენი ხედვა ამას ეფუძნება. გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ფასდებოდეს მხოლოდ რეიტინგებით და უნდა ფასდებოდეს კიდევ სხვა დამატებითი კრიტერიუმით. ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეფასდეს განსხვავებულად, ვიდრე სხვა რომელიმე ტელევიზია. ითქვა ისიც, რომ აქამდე ასეთი კრიტერიუმი არ შემუშავებულა. სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და თქვა, რომ 1 კვირის თავზე, ხუთშაბათს მოიტანს იმ ვარიანტს, თუ როგორ უნდა ფასდებოდეს მაუწყებელი. რეიტინგი და იდევ რამდენიმე კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები"

ვასილ მაღლაფერიძის სტრატეგიით, ტელეკომპანიის ყველა გადაცემა, გარდა მოამბისა, ჩერდება. მისი თქმით, არხი გადაცემებს 2018 წელს განაახლებს, თუმცა, რომელი გადაცემები აღდგება და შენარჩუნდებიან თუ არა არსებული თანამშრომლები, უცნობია. ამ დროისთვის არხზე 1300-მდე თანამშრომელი მუშაობს. მაღლაფერიძე ამბობს, რომ უნდა გამოიცვალოს ტექნიკა და შეიცვალოს შენობაც. 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

კომენტარები