საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზმაუდან ათავისუფლებენ რეჟისორს, რომელიც პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა - საზმაუს მცველები

კახა მელიქიძე

ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი იანვრიდან სამსახურიდან ათავისუფლებს რეჟისორ კახა მელიქიძეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ხელშეკრულება უწყდება "შრომის შინაგანაწესის მრავალგზის დარღვევის (რაც გამოიხატულ იქნა, მის მიერ, საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების არაერთგზის გავრცელებაში) გამო..."

"შეგახსენებთ, რომ კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების ოფიციოზი, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა.

კახა მელიქიძე 1989 წლიდან მუშაობდა პირველ არხზე." - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები.


მიმდინარე წლის 3 თებერვალს კახა მელიქიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ფეხბურთის დროს თხოვდნენ "პრემიერის რაც შეიძლება მეტი კადრის ჩვენებას."

"დამირეკეს და მითხრეს, რომ რაც შეიძლება მეტი პრემიერის კადრი უნდა ვანახოთ ეთერშიო [ლუქსემბურგთან თამაშის დროს]. ვუთხარი, რომ ამას ვერ ვიზამდი, რადგან არსებობს უეფას წარმომადგენელი, რომელიც არეგულირებს ტრიბუნების ჩვენების წესებს და თავად უეფას წარმომადგენლის მხრიდან იყო დაზუსტებული, ქვეყნის მეთაურის პირდაპირ ეთერში ჰიმნის დროს ერთხელ იყო დაშვებული. ჰიმნის დროს ვანახეთ, მაგრამ იმის შემდეგ კვლავ ითხოვდნენ, მესიჯების საშუალებით.

ამის შემდეგ, რადგან მეთაურებზე იყო დაშვება, ერთი კადრი ვანახე პრეზიდენტის შემდეგ, დამიბარეს ტელევიზიაში, არ ვიტყვი, ვის კაბინეტში და ამიხსნეს, პრეზიდენტი რომ ვანახე ეთერში, არ იყო სწორი, რომ ეგ დავალება ჩემთვის არავის არ მოუცია და ეგ გადაწყვეტილება იყო არასწორი. შენ ხომ არ გგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვართ ისევ. პარლამენტზე ვართ დამოკიდებული, ფინანსები შემცირდება, პრობლემები შეგვექმნებაო." - თქვა მაშინ კახა მელიქიძემ.

კომენტარები