საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზმაუს ადგილზე $100-მილიონიანი სასტუმროს აშენების პროექტი ჩაიშალა

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ტერიტორიაზე $100-მილიონიანი სასტუმროს აშენება იგეგმებოდა, თუმცა პროექტი არ განხორციელდა. აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ალტერნატიული შენობის გადაცემასაც ითვალისწინებდა, რასაც ინვესტორი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა. პროექტის ინვესტორი შპს გრანდე გრუპი იყო, კომპანიამ 2015 წელს საზმაუსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან სასტუმროს მშენებლობაზე მემორანდუმიც გააფორმა, თუმცა შემდგომში პროექტი აღარ განხორციელდა. 

გრანდე გრუპის დირექტორი კონსტანტინე მორგოშია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ არსებული მდგომარეობით პროექტი გაჩერებულია, მემორანდუმის ვადა კი, რომელშიც იგი უნდა განხორციელებულიყო, ამოწურულია. მორგოშიას თქმით, შეთანხმების მიხედვით ეკონომიკის სამინისტრო საბურთალოზე გამოყოფდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას, რომელზეც საზმაუს ახალი შენობა აშენდებოდა.

იმის გამო, რომ პროექტი მშენებლობის ეტაპზე არ გადასულა, უცნობია, განხორციელდებოდა თუ არა ის იმ მასშტაბით, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ტელეკომპანია ავარიული ოფისიდან მის მიმდებარედ არსებულ მესამე პავილიონში გადავა. შესაბამისად, არსებულ ტერიტორიაზე სასტუმროს პროექტი ვერ განხორციელდება.

კომენტარები