საკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

თორნიკე ბარათაშვილი

101 მომხრე, 10 წინააღმდეგი - პარლამენტმა ქართული ოცნების დეპუტატი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 111-მა დეპუტატმა გაიარა. ამავე დადგენილებით, მანანა კობახიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

კენჭისყრამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე განხილვა-დისკუსია არ გაიმართებოდა.

"განხილვა უკვე შედგა კომიტეტებში. რადგან მხოლოდ ერთი კანდიდატია დასახელებული და მიღებულია მისი თანხმობა, ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის საკითხს", - აღნიშნა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება 2016 წლის სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. აქამდე ვაკანტური იყო ერთი მოსამართლის თანამდებობა, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინა და დაემტკიცებინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მანანა კობახიძის არჩევა აზიანებს საკონსტუტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრების აზრით, მანანა კობახიძე "პოლიტიკური ერთგულების" გარდა, არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების თქმით კი, მანანა კობახიძის არჩევა სასამართლო სისტემის სრულ უზურპაციას ნიშნავს.

კომენტარები