საკონსტიტუციო სასამართლო

გოცირიძე: კობახიძის არჩევით, საკონსტიტუციო სასამართლოზე სრული კონტროლი დამყარდება

მეორე არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარეობს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია არაფორმალური მმართველის მიერ. მან პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ერთერთი "დამაგვირგვინებელი ეტაპი" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დეპუტატ მანანა კობახიძის არჩევა იქნება.

"დღეს, თქვენი თანხმობით მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოზე სრული კონტროლის დამყარება, როდესაც მანანა კობახიძე გახდება სასამართლოს წევრი, ქალბატონი, რომელიც არის პოლიტიკურად მიკერძოებული და რომელიც არ შეეფერება თავისი პოლიტიკური წარსულით ამ თანამდებობას. 

ფაქტობრივად უზურპირებულია აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლების ყველა შტო - არ არსებობს დამოუკიდებელი ადგილობრივი სასამართლოები, რა ხდება უზენაეს სასამართლოში, ვიცით და ისიც ვიცით, ის რამდენიმე პატიოსანი მოსამართლე, რომელზეც ჯერაც არ არის დამყარებული კონტროლი, რა უზარმაზარ წნეხს განიცდის ხელისუფლების მხრიდან. და ბოლო, მესამე ნაწილი სასამართლო ხელისუფლებისა, დღეს დაეცემა უთანასწორო ამ ბრძოლაში.

ამას დამატებული მეოთხე ხელისუფლება ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც თურმე დარჩება მხოლოდ მოამბე და გვირჩევენ, ინტერნეტით უყუროს საზოგადოებამ ამ ჩვენს სატელევიზიო დებატებს, რადგან დაიხურება მეორე არხის პირდაპირი გადაცემებიც კი", - განაცხადა გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ეს არის მცოცავი უზურპაცია, ხელისუფლების დაპყრობის პროცესი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურაზე უნდა იმსჯელოს.

კომენტარები