დონალდ ტრამპის პოლიტიკა

კრემლი ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შინაარსს აქვეყნებს

Drew Angerer / Getty Images

კრემლი რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის გუშინ, 28 იანვარს, გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსს აქვეყნებს.

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რუსეთსა და ამერიკას შორის კონსტუქციული, თანაბარუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისა და სტაბილიზაციისთვის მუშაობის მზაობა.

kremlin.ru წერს, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ასევე განიხილეს საერთაშორისო პრობლემები, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები, ახლო აღმოსავლეთსა და ირანული ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული ვითარება.

"საუბარი შეეხო უკრაინაში არსებული კრიზისის ძირითად ასპექტებსაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ და სხვა საკითხებზე ექნებათ პარტნიორული ურთიერთთანამშრომლობა", - აღნიშნულია kremlin.ru-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმციით, პრიორიტეტად გამოიკვეთა მთავარ საფრთხესთან, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისას ძალისხმევის გაერთიანება.

"პრეზიდენტებმა აზრი გამოთქვეს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის მიზნით რუსული და ამერიკული ქმედებების რეალური კოორდინაციის შესახებ", - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

რუსეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდი ასევე იტყობინება, რომ საუბრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას, "რაც ორმხრივი პროგრესული და სტაბილური ურთიერთობის დამატებითი სტიმული შეიძლება გახდეს".

გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი პირადი შეხვედრის შესაძლო თარიღის გასაზღვრაზეც შეთანხმდნენ.

კრემლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა რუს ხალხს აყვავება და ბედნიერება უსურვა და აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი რუსეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ სიმპათიითაა განწყობილი.

"თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს ამერიკელების მიმართ ანალოგიური დამოკიდებულება აქვს. მან გაიხსენა, რომ ჩვენი ქვეყანა ორი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა ამერიკას, იყო მისი მოკავშირე ორ მსოფლიო ომში და ახლა აშშ-ს განიხილავს, როგორც უმნიშვნელოვანეს პარტნიორს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

kremlin.ru-ს ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ შეინარჩუნონ რეგულარული პირადი კონტაქტები.

"საუბარი პოზიტიურ და საქმიან ტონში წარიმართა", - აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებაც მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

kremlin.ru-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული ისაუბრეს თუ არა მხარეებმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე.

გუშინ, 28 იანვარს, აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის პირველმა პირებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა, ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ, ტელეფონით პირველად ისაუბრეს. მათი ზარი 50 წუთს გაგრძელდა. 

როგორც ცნობილია, სატელეფონო ზარი აშშ-რუსეთის ურთიერთობის ერთგვარი გადატვირთვის დასაწყისად განიხილება. პუტინის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპი შეცვლის აშშ-ის ძალისხმევასა და ვალდებულებებს, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების ჩათვლით, კრემლთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.

კომენტარები