დონალდ ტრამპის პოლიტიკა

ტრამპსა და პუტინს შორის, ინაუგურაციის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის პირველმა პირებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა, ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ, ტელეფონით პირველად ისაუბრეს. მათი ზარი 50 წუთს გაგრძელდა. თუმცა, შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ცნობილია, სატელეფონო ზარი აშშ-რუსეთის ურთიერთობის ერთგვარი გადატვირთვის დასაწყისად განიხილება. პუტინის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპი შეცვლის აშშ-ის ძალისხმევასა და ვალდებულებებს, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების ჩათვლით, კრემლთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.

ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გუშინ თქვა - "ვნახოთ, რა მოხდება. სანქციებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია". რა დროსაც მეიმ უპასუხა, რომ "სანქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს".

რუსეთში პროსახელისუფლებო მედია და რუსი მაღალჩინოსნები პრეზიდენტ ტრამპს აქებენ და "მშვიდობისმყოფელს" უწოდებენ. მათი აზრით, ტრამპი გამოასწორებს ამერიკის არასწორ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, რაც წინა პრეზიდენტებმა შექმნეს.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, სამხედრო ინტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში, რუსეთის ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნებს შორის უთანხმოების ბოლო დროის საკითხებია. მათ ასევე სხვადასხვა შეხედულება აქვთ NATO-ს გაფართოებასთან, ამერიკის სარაკეტო თავდაცვის გეგმებსა და სხვა თემებთან დაკავშირებით.

გუშინ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპს ახსენებდა, რომ რუსეთი ამერიკის მტერია და მისი პარტნიორი ვერასდროს გახდება, ასევე, ურჩია, სცოდნოდა, რომ "ტელეფონს მიღმა მკვლელი იდგა."

კომენტარები