გიორგი ცერცვაძის საქმე

თარგამაძე: ქართველი ძალოვანების დევნა ქართულ სპეცსამსახურთან კოორდინაციით ხდება

ტაბულა

გივი თარგამაძისთვის ეჭვგარეშეა, რომ ქართველი ძალოვანების დევნა რუსეთის მხრიდან ქართულ სპეცსამსახურთან კოორდინაციით ხდება. ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაკავებას თარგამაძე Facebook-ში ეხმაურება. მისი აზრით, რუსულ მხარეს ინფორმაციას მათთვის საინტერესო პირების გადაადგილების მარშრუტსა და თარიღებზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწვდის.

"ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ მაისურაძემ შენგენის ვიზა აიღო თბილისში ლიტვის საელჩოში. იმ მომენტისთვის ის არცერთი ბაზით არ იძებნებოდა, რასაც საქართველოში ლიტვის საკონსულოც ადასტურებს. სულ ორიოდ დღეში გადაფრინდა ვილნიუსში, სადაც აეროპორტშივე დააკავეს უცბად გაჩენილი ძებნის გამო.

განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცერცვაძე უკრაინიდან საქართველოში წინასაახალწლოდ ჩამოფრინდა, მანამდე იქ პრობლება არ ჰქონია. სულ ცოტა ხანში დაბრუნდა უკან და მასაც აეროპორტში დახვდა ძებნაცა და დაკავებაც", - წერს თარგამაძე და აღნიშნავს, რომ მისი ვარაუდი საკუთარ გამოცდილებას ემყარება.

"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სიტყვიერად განაცხადა, რომ ძებნაზე დამაყენებდა, მაგრამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოქმედებას არ ახორციელებდა. მაშინ მივხვდი, ელოდნენ, მათთვის ხელსაყრელ (ისეთ, სადაც გადაცემის შანსი მეტია) ქვეყანაში ჩავსულიყავი და იქვე განახორციელებდნენ მყისიერ მოქმედებებს. ამიტომაც ჩავედი ლიტვაში და გავაკეთე განცხადება, რომ ძებნის გამოცხადებამდე ჩემი სხვა ქვეყანაში გადაადგილების იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ. ძებნა მეორე დღესვე გამოაცხადეს და მეც იმავე დღეს გამოვცხადდი ლიტვის პროკურატურაში.

ვფიქრობ, აქაც ორივე შემთხვევა მსგავსია - მაისურაძეს 2010 წელს თითქოსდა ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, ძებნა კი სულ ერთი თვის წინ გამოაცხადეს. 2012 წლიდან ის მხოლოდ ერთხელ იყო გასული საზღვარგარეთ და მაშინაც ლიტვაში. ვფიქრობ, მიხვდნენ რა, რომ პოლკოვნიკი მათთვის უფრო ხელსაყრელ ქვეყანაში არ გადაადგილდებოდა, უცბათ მიიღეს გადაწყვეტილება და უშუალოდ ლიტვაში გამგზავრების წინ გამოაცხადეს ძებნაში. ასევე ცერცვაძესთან მიმართებაში, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ვიცეპოლკოვნიკი მხოლოდ თბილისსა და კიევს შორის იმოძრავებდა, აქაც უშუალოდ გამგზავრების წინ გამოაცხადეს ძებნა.

მაგრამ ვინ აწვდის რუსულ მხარეს ინფორმაციას მათთვის საინტერესო პირების გადაადგილების მარშრუტსა და თარიღებზე? დარწმუნებული ვარ, სუს-ი. დარწმუნებული ვარ, ბილეთის შეძენისთანავე.

ანუ, მარტივად - აიღე ბილეთი? სუს-მა რუსებს შეატყობინა, მათაც სწრაფად განახორციელეს ძებნის გამოცხადებისთვის საჭირო მოქმედებები. ჩაფრინდი დანიშნულების ადგილას და დაგხვდა ძებნა თავისი დაკავებით. სხვანაირად დროის ასეთ მოკლე მონაკვეთებში ამ მოქმედებების განხორციელება შეუძლებელია", - წერს გივი თარგამაძე Facebook-ში.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. იუსტიციის სამინისტრო კი, ამ საქმესთან შემხებლობას უარყოფს.

კომენტარები