გიორგი ცერცვაძის საქმე

POG: უკრაინის პროკურატურა ცერცვაძის მიმართ საექსტრადიციო წარმოებას მალე დაასრულებს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა, უკრაინის საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადაციო წარმოებაც. 

"გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძე მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ცერცვაძე თავისუფალია და მან კიევის საპატიმრო მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ვიცეპოლოკოვნიკი ამ წუთებში საქართველოს ელჩს უკრაინაში და თავის ადვოკატს ხვდება.

დღეს, კიევის სააპელაციო სასამართლომ ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პროცესი 3 თებერვლამდე გადადო. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა, თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურის გადაწყვეტილებით რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. 

ამასთან, გივი თარგამაძემ ცერცვაძის გათავისუფლებამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ Fb გვერდზე უკრაინის გენერალურ პროკურორ ლუცენკოსთან მიმოწერის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ცერცვაძეს ნახევარ საათში გაათავისუფლებდნენ.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას რუსეთი სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს, თუმცა, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. კიევის საქალაქო სასამართლომ ქართველი ვიცეპოლკოვნიკი წინასწარ პატიმრობაში 40 დღით მოათავსა.

ცერცვაძე აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები