გიორგი ცერცვაძის საქმე

ცერცვაძე: მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც ბრძოლა იქნება რუსეთის წინააღმდეგ

fb.com/otokakhidze

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული ქართველი ვიცეპოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის შეფასებით, "რუსეთის ამოცანაა, პირველ რიგში აიყვანოს ის პირები, ვისაც ჰქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე - სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო დანაყოფების სტრუქტურის იმ ყველაფრის შესახებ, რაც საქართველოს საიდუმლოებას წარმოადგენს". მისივე თქმით, რუსეთს უნდა, დასაჯოს ის ხალხი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

"ჩემთვის დიდი შოკი იყო, რომ ასე მოხდა, მაგრამ თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, ჯობია, ბრძოლოს ველზე, ვიდრე ასე ცხვარივით რომ დაგკლავენ. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც საქართველოს შეიარაღებული ჯარების ოფიცერი ვარ, მთავრობაში ხალხი მიდის-მოდის, საქართველო მაინც დარჩება და სანამ შემიძლია, სადაც არ უნდა იყოს - დღეს უკრაინაა, ხვალ აფრიკა შეიძლება იყოს, მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც ბრძოლა იქნება რუსეთის წინააღმდეგ" - თქვა ცერცვაძემ.

ვიცეპოლკოვნიკმა გიორგი ცერცვაძემ კიევის საპატიმრო გუშინ საღამოს დატოვა.

გუშინ, დღის პირველ ნახევარში, კიევის სააპელაციო სასამართლომ ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პროცესი 3 თებერვლამდე გადადო. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა, თუმცა, გიორგი ცერცვაძე მოგვიანებით, პროკურატურის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. 

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას რუსეთი სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს, თუმცა, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. კიევის საქალაქო სასამართლომ ქართველი ვიცეპოლკოვნიკი წინასწარ პატიმრობაში 40 დღით მოათავსა.

ცერცვაძე აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები