საკონსტიტუციო სასამართლო

TI: საკონსტიტუციოს მოსამართლედ კობახიძის წარდგენა აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის წარდგენა "დამაზიანებელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის". TI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს მის კანდიდატურას.

"საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედი წევრის და ყოფილი ვიცე- სპიკერის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე, მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება და მაკონტროლებელი კონსტიტუციური ინსტიტუციის მის მიმართ პოლიტიკურად ლოიალური პირებით დაკომპლექტება. ამგვარი მიდგომით ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერშეკავების პრინციპის პრაქტიკული არსებობა ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მანანა კობახიძე იყო ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი სპიკერი, რომელიც ახმოვანებდა მმართველი გუნდის დამოკიდებულებებს თითქმის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომელებიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ან გასაჩივრდება მომავალში. ამასთან, იგი საზოგადოებაში აღიქმება როგორც პოლიტიკოსი და ხელისუფლების მიდგომების გამხმოვანებელი, ამგვარი პირის პირდაპირ უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში არჩევა, საფრთხეს უქმნის სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტს და შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას"  -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ პოლიტიკური მიკერძოების გარდა, კითხვის ნიშნები ასევე ჩნდება თუ რამდენად შეესაბამება მანანა კობახიძის დამოკიდებულებები და ღირებულებები ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.

"აღნიშნული პრინციპის სრულყოფილ გააზრებას და გათავისებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული მოსამართლისთვის. 2010 წელს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში მანანა კობახიძე აცხადებდა, რომ “შეიძლება, სულაც არ იყო მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს”.  მსგავსი მოსაზრებები მანანა კობახიძეს დაფიქსირებული აქვს შემდგომ ინტერვიუებშიც. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე მხარს უჭერდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ასევე ჩატარებულიყო რეფერენდუმი კონსტიტუციაში ქორწინების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მედიაში მანანა კობახიძის სახელი არაერეთხელ გაჟღერებულ იქნა კორუფციულ სკანდალში. იგი ფიგურირებდა მისი ძმის, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებულ საქმეში და ასევე შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ საქმეში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ამ კუთხით მედიაში მის მიმართ გავრცელებული ბრალდებების სისწორე ვამტკიცოთ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელება, აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოების ინსტიტუციურ განვითარებას. მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს მის კანდიდატურას" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა მანანა კობახიძეს წარადგენს, - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. აქამდე ვაკანტურია ერთი მოსამართლის თანამდებობა, რომელიც პარლამენტმა უნდა წარადგინოს და დაამტკიცოს.

კომენტარები