გაზპრომთან მოლაპარაკებები

პრემიერი: გაზპრომზე განმარტებებს კალაძე მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთებს

facebook.com/kakhakaladzeofficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, გაზპრომთან მოლაპარაკების შედეგებზე განმარტებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ამის შესახებ პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის მიმდინარე სხდომაზე თქვა.

"ბატონი კახი კალაძე დაბრუნდა მინსკიდან, სადაც გაიმართა გაზპრომ-ექსპორტთან მოლაპარაკებები და დღეს ვიხილავთ მთავრობის სხდომაზე იმ წინადადებებს, რომლების მიღწევაც შესაძლებელი გახდა ამ მოლაპარაკებების შედეგად. მთავრობის სხდომის შემდეგ, ბატონი კახი გააკეთებს განმარტებებს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებსაც მიიღებს მთავრობის სხდომა ამ საკითხთან მიმართებით", - განაცხადა პრემიერმა.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მინსკში კომპანია გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობას გუშინ შეხვდა. სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველო გაზპრომისგან გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. ხელშეკრულება ერთწლიანია და მუდმივ განახლებას საჭიროებს. გაზპრომის წარმომადგენლები ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვენ ტრანზიტის ფულით ანაზღაურებას. თუმცა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ ქართული მხარე ამ შეთავაზებას ამჯერად დათანხმდეს.

კომენტარები