გაზპრომთან მოლაპარაკებები

პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. მარგველაშვილის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს "კითხვებს, მათ შორის კი, ყველაზე მთავარს - რატომ მოხდა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციების შესუსტება". პრეზიდენტის პოზიცია მედიას ეკა მიშველაძემ გააცნო.

"ამ კითხვებზე პასუხების მიღება ყველაზე მეტად მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე სახელისუფლებო შტოს - საქართველოს პარლამენტის ინტერესებში უნდა იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტისგან ხედვა - თუ როგორ მოხდება მომავალში მაინც, მსგავს შემთხვევებში, რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილება.

შესაბამისად, დღესაც კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია", - ამბობს პრეზიდენტის სპიკერი ეკა მიშველაძე.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ Gazprom-თან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმებულია და ძალაშიც არის შესული. კონტრაქტი 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურით და ფულით) ანაზღაურებას, და 2018 წლიდან მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებაში საზეიმო არაფერია. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით კი, "GAZPROM-თან შეთანხმება ეკონომიკურ ნაწილში გამარჯვება არაა".

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები