მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო პარლამენტში ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს. ინიციატივა სერგო რატიანმა წარადგინა.
"აუცილებელია, რომ პარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიქმნას. ჩვენ, დეპუტატებმა აუცილებლად უნდა ვნახოთ ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მაღალ ინტერესს. გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების ნახვა არის პარლამენტის ღირსების საკითხი", - თქვა რატიანმა.
გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობა, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, არ ასაჯაროებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო სომხეთისკენ ტრანზიტის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, არა გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს, არამედ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ეს საქართველოს წაგებიან მდგომარეობაში აყენებს, რადგან მიღებული თანხით იმ რაოდენობის გაზს ვეღარ შეიძენს, რასაც ტრანზიტის სანაცვლოდ, ნატურით იღებდა.