გიგი უგულავას საქმე

ანა დოლიძე: პოლიტპატიმარი იყო ნელსონ მანდელა და მაჰათმა განდი

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ტერმინ "პოლიტპატიმრის" გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

"მივესალმები, გიგი უგულავას, როგორც ყოფილი პატიმრის გათავისუფლებას. მაგრამ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ინფლაციას, ტერმინისა "პოლიტპატიმარი" - მოდი, ვიფიქროთ, რასთან გვაქვს აქ საქმე. პოლიტპატიმარი იყო ნელსონ მანდელა, პოლიტპატიმარი იყო მაჰათმა განდი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ აღვნიშნო, რომ პოლიტპატიმრების მიმართ უნდა იყოს წაყენებული საკმაოდ მაღალი მოთხოვნები, მათი საქმეების მიმართ.

აქედან გამომდინარე, მე მიჭირს ვისაუბრო რაღაც მასობრივ პროცესებზე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ჩვენთვის გიგი უგულავას საქმე იყო ერთი სისხლის სამართლებრივი საქმე თუმცა, ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ პრეზიდენტს მანამდე არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ დაცული ყოფილიყო ბატონი გიგის სამოქალაქო უფლებები და თავისულფებები", - აცხადებს დოლიძე.

გიგი უგულავამ საპატიმრო დღეს საღამოს, 19:00 საათისთვის დატოვა.

პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა.

კომენტარები