თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წუხს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დასკვნითი სიტყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა მხარდამჭერმა ბრალის აღიარებად აღიქვა. მან, საპატიმროს დატოვების შემდეგ, თბილსერვისის საქმეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"ეს ხალხი ჩემი თანხმობით დასაქმდა და აბსოლუტურად უზნეო უნდა ვიყო, რომ ვინმეზე ხელი გავიშვირო. პირიქით, მაშინვე ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ინტერესის საგანი მე ვარ და შეგიძლიათ, ნებისმიერმა ჩემკენ გამოიშვიროთ ხელი. მე ვიყავი ლიდერი და შესაბამისად, ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. რა თქმა უნდა, განზრახვა მე არანაირი არ მქონია, რომ ეს მაინცდამაინც პოლიტიკური მიმართულებით ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ამან ასეთი სახე მიიღო. მაგრამ უსინდისო ბრალდება იყო, არის და იქნება, რომ ამით მე დამაბრალო საბიუჯეტო თანხების მითვისება და გაფლანგვა.
ჩვენი მხრიდანაც და პროკურატურის მხრიდანაც სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება. სამწუხაროდ, ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს ისეთი, რომ ბრალი ვაღიარე. ბრალის აღიარება საპროცედურო მოქმედებაა, მეგობრებო, და პატიმრობის მესამე წელს ამას არავინ აკეთებს. ამას აკეთებენ პირველ-მესამე კვირას. სახელისუფლებო მედიების პროპაგანდას ვერაფერს ვუზამ, მათი უფლებაა, რაც უნდათ, ის გააკეთონ, მაგრამ რამდენიმე, ვინც ჩვენს მომხრედ ითვლება და ამ პროპაგანდას აყვა, ძალიან სამწუხაროა.
დასკვნითი სიტყვისას შეცდომებზე ვისაუბრე და შეცდომა იყო ის, რომ არ მივადევნე თვალყური, არ მომხდარიყო ტრანსფორმირება იმისა, რაც ობიექტურად მერიას სჭირდებოდა, რომ უფრო მეტად არ ყოფილიყო პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული", - თქვა უგულავამ.
გიგი უგულავამ საპატიმრო დღეს საღამოს, 19:00 საათისთვის დატოვა.
პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა.





