გიგი უგულავას საქმე

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

გიგი უგულავა

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ, თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი, ბექა ბასილაია, ადასტურებს. 

დღევანდელი განაჩენი "თბილსერვის ჯგუფის" საქმეს ეხება. ეს ყოფილი მერის მიმართ წარდგენილი 4 ბრალდებიდან ერთადერთი საქმეა, რომელზეც მის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 სექტემბერს გაამტყუნა. მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 2012 წლის ამნისტიის შედეგად, პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა.

განაჩენამდე ბოლო სასამართლო პროცესი 4 იანვარს გაიმართა, რომელსაც გიგი უგულავაც ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები