გაზპრომთან მოლაპარაკებები

გახარია: კარგია, თუ კალაძე მართავს მოლაპარაკებებს Gazprom-თან

facebook.com/economypr

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 13 დეკემბერს, ვენაში გაზპრომ-ექსპორტის წარმომადგენლებს შეხვდება, 14 დეკემბერს კი ქალაქ მინსკში, ინტერ-რაოს ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრას. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კარგია, რომ კალაძემ გაზპრომთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

"ენერგეტიკის მინისტრი თუ ახორციელებს მოლაპარაკებებს გაზპორმთან, ეს არის კარგი, იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებებს ადრე დავიწყებთ და ეს არ იქნება ახალი წლის პერიოდში. ყველას გვესმის, რომ ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული მოლაპარაკებები, რომელიც ყოველ წელს იმართება. არის ტექნიკური თემები, რომელიც არის განსახილველი და დასახური. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მოლაპარაკებებს, მით უკეთესი იქნება", - ამბობს გიორგი გახარია.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, "გაზპრომ-ექსპორტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება".

რუსული ენერგოგიგანტი გაზპრომი გასულ წელს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობების შეცვლას სთავაზობდა, რის შედეგადაც საქართველოში გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის უსასყიდლოდ მიღების ნაცვლად რუსული მხარე მას გარკვეულ ფინანსურ რესურსს მიაწვდიდა, ამ თანხით კი საქართველო რუსულ გაზს იყიდდა.

მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

აზერბაიჯანთან კონტრაქტის გაფორმებამდე ქართული მხარის პოზიცია გაზპრომთან ერთმნიშვნელოვანი არ ყოფლა. ენერგეტიკის მინისტრი რუსეთის "ულტიმატუმზე" საუბრობდა და მიანიშნებდა, რომ საქართველოს შესაძლოა, ამ წაგებიან პირობაზე დათანხმება დასჭირვებოდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა კი თებერვალში ტაბულას კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქვეყნისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ როგორი გადახდის წესით მიიღებდა ქვეყანა ტრანზიტის ანაზღაურებას. ვალიშვილი იმასაც ამბობდა, რომ თანამედროვე პრაქტიკა მონეტიზაციაზე გადასვლას გულისხმობდა.

კომენტარები