ევროპარლამენტმა დღეს კენჭი უყარა რუსულ მედიასთან საინფორმაციო დაპირისპირების რეზოლუციას. ევროპარლამენტარების განცხადებით, რუსეთისა და ტერორისტული ჯგუფების პროპაგანდის ზეწოლა ევროკავშირზე საკმაოდ გაზრდილია.
დოკუმენტში წერია, რომ მოსკოვი ევროკავშირთან მიმართებით, მტრულ პროპაგანდას ატარებს.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კონტრპროპაგანდის პროექტების დამატებითი დაფინანსებისკენ.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ფინანსურ დახმარებას უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს, იყენებს ორმხრივი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ფაქტორს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დაპირისპირების გასაღვივებლად. ევროკავშირისთვის ძირითად საინფორმაციო საფრთხედ დასახელდნენ სააგენტო Sputnik, ტელეარხი Russia Today, ფონდი რუსული სამყარო და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ფედერალური სააგენტო Россотрудничество.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ანტი-ევროკავშირის პროპაგანდის შესაჩერებლად ინვესტიცია უნდა გაკეთდეს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებაში, განათლებაში, ონლაინ და ადგილობრივი მედიის განვითარებაში, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და ა.შ. ეს ყველაფერი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მედიაპროდუქტის კრიტიკული ანალიზი შეძლონ.
კენჭისყრაში მონაწილე 691 დეპუტატიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 304 დეპუტატმა, 179 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 208 დეპუტატმა თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია.