ინდოეთი

ინდოეთმა კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, 500 და 1000 რუპიის ბანკნოტები გააუქმა

Bloomberg

ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ ნაციონალური მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მოტივით გააუქმებს 500 და 1000 რუპიის ბანკნოტებს. Bloomberg-ის ცნობით, ოთხშაბათიდან ღირებულება დაკარგულად ჩაითვლება 16 მილიარდი 500 რუპიიანი და 6.7 მილიარდი 1000 რუპიიანი ბანკნოტი. ეს კუპიურები გაუქმებული €500 ევროიანი ბანკნოტების ბედს გაიზიარებენ.

გამონაკლისის სახით ბანკნოტები სახელმწიფოს კუთვნილ საავადმყოფოებში 11 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებენ.ინდოეთის ცენტრალური ბანკი ამ კუპიურების მიმოქცევიდან სრულ ამოღებას თვის ბოლოსთვის გეგმავს. ეს 1978 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მთავრობამ მიმოქცევიდან კუპიურები ამოიღო.

ნარენდრა მოდი ამ გზით ცდილობს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება - კორუფციასთან და გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლა შეასრულოს. პრემიერის შეფასებით, ეს ბანკნოტები ხშირად "არაკანონიერ" ეკონომიკურ ქმედებებში გამოიყენებიან. 500 რუპიის ღირებულება დაახლოებით $7.5-ია.

"ერთის მხრივ ჩვენ ვართ ეკონომიკური ზრდის მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად წარმატებული ქვეყანა, ამავდროულად კი კორუფციისგან თავისუფლების ინდექსში ჩვენ მეასე ადგილზე ვართ, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს",-ამბობს ინდოეთის პრემიერი.

ბრძოლა ბანკნოტებთან

კორუფციასთან ბრძოლის მოტივით ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) 2016 წელს მიმოქცევიდან €500 ევროიანი ბანკნოტი ამოიღო. CNN-ის ცნობით, ეს ბანკნოტი ხშირად არალეგალურ ეკონომიკურ აქტივობებში გამოიყენება. ECB-იმ €500 ევროიანი ბანკნოტის გაუქმების მოტივად 2016 წლის მაისში განაცხადა, რომ ეს კუპიურა ხშირად ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა. ევროპოლის ცნობით კი კრიმინალებსა და ტერორისტებს შორის €500 ევროიანები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ.

კომენტარები