საარჩევნო სისტემა

რატიანი: ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ შეცვალოს მაჟორიტარული სისტემა

მაჟორიტარულმა სისტემამ ამოწურა თავისი თავი საქართველოში. 2012 წლიდან ჩვენ გვქონდა აღებული ვალდებულება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ შევცვლიდით ამ სისტემას. ეს იყო ქართული ოცნების დაპირებაც, რომელმაც ფაქტობრივად, ამაშიც მოატყუა ხალხი. ყველას ახსოვს, რომ 2015 წელს, ჩვენ და ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად შევაგროვეთ 200 000 ხმა და გვინდოდა, შეგვეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა, გვქონდა მანდატი, მაგრამ ამას დაუპირისპირდა ქართული ოცნება, მათ არ უნდათ ამ სისტემის შეცვლა, რადგან მაჟორიტარული სისტემა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მხარდაჭერასთან შედარებით არაპროპორციული ძალაუფლება. ქართულმა ოცნებამ, რომელსაც გაყალბების, ძალადობის შედეგად, 48% აქვს, მიიღო არაპროპორციული ძალაუფლება. ეს სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ შეცვალოს ეს მოცემულობა.

ენმ-ის წევრი სერგო რატიანი მაჟორიტარულ სისტემაზე. ქართულ ოცნებას ამ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი აქვს პარლამენტში დარეგისტრირებული, თუმცა, პარტიის ლიდერები ახლა აცხადებენ, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები